მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

დეზინფორმაცია

17:30 | 22 თებერვალი, 2026 — პოლიტიკა

2000 წლის მაისში რუსეთის ეკრანებზე დანილა ბაგროვი დაბრუნდა - 1990-იანი წლების საჰიტო ბლოკბასტერის БРАТ-ის მთავარი გმირი. ალექსეი ბალაბანოვმა ფილმის მეორე ნაწილი გადაიღო - თუკი პირველი ნაწილი კომერციული ჰიტი გახდა, ფილმის სიქველი ნამდვილ წინასწარმეტყველურ, საკულტო კლასიკად იქცა. 

ფილმი მალევე გახდა არამხოლოდ კინოგაყიდვის, არამედ ვიდეო კასეტებისა და CD საუნდტრეკების გაყიდვების ლიდერიც. წინა ფილმისგან განსხვავებით, სიქველი გაცილებით უფრო ცალსახა და მარტივი გასაგებია - განსაკუთრებით მთავარი გზავნილის ნაწილში. 

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ახალი რუსული კინოს გმირი ნამდვილ ეროვნულ გმირად გადაიქცა. ფილმში გაჟღერებული ფრაზები, მთავარი გმირის შეხედულებები და მიდგომები, მომდევნო წლებში რუსეთის პოლიტიკურ მეინსტრიმში გადავა - ხშირად გასაოცარი სიზუსტით. 

პირველ სერიაში ლოკალურ ბოროტებაზე გამარჯვების შემდეგ, მთავარი გმირები მზად არიან დაუპირისპირდნენ ჭეშმარიტად გლობალურ ბოროტებას, რომელიც, რა თქმა უნდა, ამერიკაში მდებარეობს. ამ ფონზე დანილა ბაგროვის კრიმინალური ოდისეა ეროვნულ იდეად იქცევა. 

ამერიკაში ჩასული გმირისთვის ამერიკა ყალბი პაროდიაა, შეიცვალა დრო, გმირები და რეჟისორები, მაგრამ დარჩა ბოევიკი რუსულად - როდესაც ძალადობა არ არის მხოლოდ ძალადობა, არამედ ეს არის ბრძოლა რაღაც 'დიდი იდეისთვის'. 

ფილმი პოსტ-საბჭოთა რუსეთის ცნობიერების კვინტესენციაა, რომელშიც "სიმართლე კანონზე მაღლა დგას". ამერიკაში ჩადის დიადი რუსული ეროვნული სიმართლე მკვლელობებით სარტირში და შელახული სიწმინდეების გამო შურისძიებით. 

სიუჟეტი 

მთავარი გმირის პროფესია გაურკვეველია, მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილიც არ აქვს. ის ერთ ჩვეულებრივ, ღარიბულ ოჯახში დაბადებული პროვინციელი ბიჭია, რომელიც მამის გარეშე გაიზარდა. ასეთი წარსულის მქონე პერსონაჟი ბევრ ახალგაზრდაში ნაცნობ ასოციაციებს იწვევდა - ბევრს უნდოდა დანილა ბაგროვს დამსგავსებოდა. 

მნიშვნელოვანი დეტალია, რომ დანილა ჩეჩნეთში ომობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას არ ტანჯავს პოსტ-ტრავმული სინდრომი. პირიქით, ომმა ის "ნამდვილ კაცად" აქცია და პრობლემების 'სწორი და სამართლიანი' გადაჭრა ასწავლა. 

პირველ ფილმში მთავარი გმირის მტრები განგსტერული კაპიტალიზმის აგენტები, ე.წ. კომერსანტები არიან, რომელთა საქმიანობის სფერო ასევე გაურკვეველია. მაგრამ უკვე სიქველში ირკვევა, რომ დანილას მთავარი მტერი ოკეანს გადაღმა ცხოვრობს. სწორედ ამერიკა წარმოადგენს გლობალური ბოროტების სარწეველს. სწორედ ისინი უქმნიან პრობლემებს დანილა ბაგროვს და შესაბამისად, რუსეთსაც. 

ფილმიდან ჩანს, რომ ამერიკელები არამხოლოდ მონაწილეობენ ნარკოტიკებით ვაჭრობაში, ტრეფიკინგსა და შავკანიანების ჩაგვრაში, არამედ უკვე რუს პატიოსან სპორტსმენებსაც ატყუებენ, ხოლო როცა მათი თაღლითობა აშკარავდება, კვალის დასამალად მოტყუებული ჰოკეისტის ძმასაც კლავენ. 

თავის მხრივ ოკეანის გადაღმა მოკალათებული 'არამზადების' დასჯა რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა სპეცოპერაცია. მიზანია დივერსიულ-მზვერავი ჯგუფის შეკვრა, რომელიც სადამსჯელო აქციას მტრის ბუნაგში ჩაატარებს, მოიძიებს საჭირო ინფორმაციას, გაანეიტრალებს მტრებს და მოახდენს მოწმეების ევაკუაციას. 

ფილმის მიმდინარეობისას ირკვევა, რომ დივერსიულ-მზვერავი ჯგუფი, უფრო მეტია ვიდრე სადამსჯელო რაზმი და სინამდვილეში  სხვა არაფერია, თუ არა სიმართლისთვის მებრძოლი იდეალისტების დანაყოფი. მთავარი გმირისა და შეთავსებით რაზმის მეთაურის მოტივატორი არა მატერიალური სარგებელი ან შურისძიება, არამედ 'სიმართლისთვის ბრძოლაა'.

მთავარი გმირის მთელი იდეოლოგია ერთ სიტყვაშია მოქცეული - სიმართლე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკუთარი აღმატებულობისა და სიმართლის აბსოლუტური რწმენა. ფილმის მიხედვით, სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ამერიკელები და ამერიკა აბსოლუტური ბოროტებაა, ხოლო აბსოლუტურ ბოროტებასთან და მის დამქაშებთან ბრძოლა ყველა მეთოდით შეიძლება. 

ეს არის დოგმატური და აქსიომატური გზავნილი, რომელსაც არ სჭირდება მტკიცებულებები და რომელიც მაყურებელს მთელი ფილმის განმავლობაში მიეწოდება. 

ფილმის კულმინაცია მტრის ბუნაგში მთავარი გმირის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციაა - ჩიკაგოს ერთ-ერთ როკ კლუბში შეჭრილი დანილა, ერთი მეორის მიყოლებით კლავს ამერიკელ ბოროტმოქმედებს. კადრი კომპიუტერული თამაშის ესთეტიკას იმეორებს, რითაც თითქოს ხაზს უსვამს - ადამიანის მოკვლაში რთული არაფერია. 

სცენის ფინალურ კადრებში რუსი გმირი ამერიკელებს კიდევ ერთ დანაშაულზე წაასწრებს - ისინი უყურებენ პორნოს ძალადობის ელემენტებით. ამან კიდევ ერთხელ უნდა გაუსვას ხაზი პროტაგონისტის სიმართლესა და მორალურ უპირატესობას.

ფილმში ყველაფერი მარტივია და ერთ 'სიმართლეს' ემსახურება - აქ არის მტერი, აქ ვართ ჩვენ. მოკალი და არ იფიქრო. 

ფილმის მთავარი გმირის მიერ წარმოთქმული ფრაზები ტიპური საბჭოთა ორაზრის მაგალითია - როდესაც სინტაქსურად გამართული წინადადება დაცლილია სემანტიკური შინაარსისგან. აზრის ნაკლებობას რეჟისორი მთავარი გმირის 'უდანაშაულო' და ბავშვური ემოციით სავსე სახის მსხვილი კადრებით აბალანსებს. 

ფილმის ერთ-ერთ ბოლო სცენაში სცენარისტებს ალექსანდრე ნეველის სიტყვების ალუზია შემოაქვთ, რომელიც ნეველმა ლივონიელების წინააღმდეგ გამართული ბრძოლის წინ წარმოთქვა. ამჯერად ნეველის სიტყვებს, რომ "ღმერთი სიმართლეშია და არა ძალაში" კუთხეში მიყენებული და რუსულის არმცოდნე ამერიკელი ბოროტმოქმედი, თანამედროვე რუსი სიმართლის რაინდისგან ისმენს. 

რუსული ფაშიზმის მიმები 

price-tag icon დაკავშირებული თეგები
users icon დაკავშირებული პიროვნებები

ასევე ნახე