მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

დეზინფორმაცია

17:35 | 22 თებერვალი, 2026 — პოლიტიკა

მსოფლიოში ცოტაა ქვეყანა, სადაც მედიას ისეთი კრიტიკული როლი ჰქონდეს სახელმწიფოს ისტორიისთვის, როგორც ეს რუსეთშია. რთული საპოვნელია ისეთი ქვეყანა, სადაც სხვადასხვა თაობები ცდილობდნენ რეალობისა და მთელი ქვეყნის კონსტრუირებას ისე, როგორც რუსეთში. 

დღევანდელ რუსულ მედიაზე, უფრო სწორად კი კრემლის საინფორმაციო სამსახურის ისტორიაზე საუბარი რთულია საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა გამოცდილების გარეშე. 

როგორ მოხდა, რომ მედია, რომელიც 1990-იან წლების რუსეთში თავისუფლების გამტარი მთავარი ინსტიტუტი იყო, დღეს კრემლის საინფორმაციო სამმართველოა?

საბჭოთა სისტემა ორ საყრდენ ბოძზე იდგა: რეპრესიების შიშსა და პროპაგანდაზე - სტალინის სიკვდილის შემდეგ რეპრესიების მასშტაბი მკვეთრად  შემცირდა და წერტილოვანი ხასიათი მიიღო. 1980-იანი წლების დასაწყისისთვის საბჭოთა კავშირი ღრმად მოხუცებული და რეალობისგან მოწყვეტილი პარტოკრატების ასპარეზად გადაიქცა. 

იმ დროისთვის რეპრესიები ძირითადად დისიდენტებისკენ მიემართებოდა, ხოლო მოსახლეობასთან საბჭოთა ხელმძღვანელობა სხვა მეთოდებით მუშაობდა. 

კომუნისტური სისტემის მეორე საყრდენ ბოძს პროპაგანდა, სინამდვილეში კი ჩვეულებრივი ტყუილები წარმოადგენდა. ცხადია, 1980-იანი წლების დასაწყისში უკვე ბევრს აღარ სჯეროდა პროპაგანდის, მაგრამ პროპაგანდა საბჭოთა წყობის უძლეველობის მითს ქმნიდა. როდესაც 1985 წელს მიხაილ გორბაჩოვმა გარდაქმნისა [Перестроика] და ღიაობის [Гласность] პოლიტიკა გამოაცხადა, საბჭოთა სისტემის მეორე საყრდენმა ბოძმა რყევა დაიწყო. 

ისეთმა გაზეთებმა როგორიც იყო Московские новости და Огонёк დაიწყეს ღიად საუბარი სტალინურ რეპრესიებზე, პრობლემებზე საბჭოთა ეკონომიკაში. მთავარ სიახლეს არა მომზადებული მასალის შინაარსი, არამედ მანამდე ტაბუდადებულ თემებზე პუბლიკაციის მომზადება წარმოადგენდა, შინაარსი მეორეხარისხოვანი გახდა. 

როდესაც პროპაგანდა დასუსტდა საბჭოთა სისტემას უკანასკნელი ბოძი გამოეცალა: ქვეყანაში არ არსებობდა ნორმალური ეკონომიკა, საბჭოთა კავშირი ვერ უზრუნველყოფდა მოქალაქეების საბაზო საჭიროებებს. საზოგადოებრივი უკმაყოფილება ზედაპირზე ამოვიდა.  

მაშინ რუსეთში არსებობდა წარმოდგენა, რომ კომუნისტების მოშორება და რეჟიმის ჩანაცვლება საკმარისი იქნებოდა ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფოდ გარდაქმნისთვის. 

ბოლო წლებში რუსეთის განვითარების ტრაექტორიამ აჩვენა, რომ ეს მიდგომა ძალიან მცდარი იყო. 

ამ ვითარებაში განსაკუთრებული როლი შეიძინა ახალმა, ცენზურისგან თავისუფალმა მედიამ. თუ 1917 წლის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ გაზეთი ПРАВДА საბჭოთა მოქალაქის შექმნას ცდილობდა, მსგავსი მიზანი ჰქონდა ახალ რუსული მედიას სსრკ-ს დაშლის შემდეგაც. მედიის მთავარი ამოცანა არა რეალობის აღწერა, არამედ ამ რეალობის კონსტრუირება გახდა.

ამ დროის რუსულ მედიაში ბევრი ნიჭიერი და კონფორმისტი ადამიანი აღმოჩნდა. 1960-იანი წლების საბჭოთა დისიდენტებისა და უფლებადამცველების თაობას სტალინიზმი სოციალისტური სისტემის მახინჯ გადახრად მიაჩნდათ, მათ სურდათ ამ ნაკლის აღმოფხვრა და ადამიანური სახის მქონე სოციალიზმის აშენება. 

ამ ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ რუსი სამოციანელების ბევრი წარმომადგენელი სტალინის მიერ რეპრესირებული ბოლშევიკების შთამომავლები იყვნენ. მათი ანტი-სისტემური ბრძოლა ამ სენტიმენტსაც ატარებდა. 

განსხვავებული ვითარება იყო პოსტ-საბჭოთა რუსეთში - ხალი რუსული მედიის სათავეებთან საბჭოთა დისიდენტების შვილები აღმოჩნდნენ, თუმცა მშობლებისგან განსხვავებით არ ჰქონიათ ასეთი ხედვები. ცინიკური იყო მათი დამოკიდებულება წინა თაობების მიმართაც, მათთვის წინა თაობა მორალურად და ეკონომიკურად გაკოტრებული ხალხი იყო. 

მათ სურდათ დასავლური ტიპის, ცივილიზებულ ქვეყანაში ცხოვრება. ამ გზაზე მათ უარი თქვეს საბჭოთა მემკვიდრეობის გააზრებასა და მის შეფასებაზე - თითქოს საბჭოთა 70-წლიან წყობას არც უარსებია. სინამდვილეში საბჭოთა ისტორიის გააზრებაზე უარის თქმით, მათ უარი თქვეს იმ ანტი-სტალინურ იმუნიტეტზე, რომელსაც 1960-იან წლებში მათი მშობლების თაობა ქმნიდა.

მომდევნო წლებში ანტი-სტალინური იმუნიტეტის არარსებობამ ხელი გაუხსნა ვლადიმირ პუტინს ქვეყანა წარსულში დაებრუნებინა. 

თუ გამოვყოფთ ადამიანებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ვლადიმირ პუტინის აღმასვლასა და საზოგადოების დაკვეთას მსგავს ფიგურაზე, რუსეთის იმდროინდელი მედია მენეჯერები ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურები იყვნენ. 

ჟურნალ The Economist-ის აღმოსავლეთ რუსეთის სექციის რედაქტორის, არკადი ოსტროვსკის აზრით, ქვეყნისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა 1996-1997 წლები.

"ადამიანები, რომლებიც აკონტროლებდნენ მთავარ მედია საშუალებებს - ტელევიზიებს, საერთოდ ვერ გრძნობდნენ თავიანთ პასუხისმგებლობას და არ შეესაბამებოდნენ იმ ისტორიული ამოცანის მასშტაბს, რაც მათ წინაშე იდგა", - წერს ოსტროვსკში თავის წიგნში ლაპარაკობს და უჩვენებს რუსეთი. 

საუბარია ბორის ბერეზოვსკის მიერ კონტროლირებად ОРТ-სა და ვლადიმირ გუსინსკის НТВ-ზე, რომელთა შორისაც 1990-იანების მეორე ნახევარში ნამდვილი მედია ომი მიმდინარეობდა. ოლიგარქებს ძალაუფლებისა და გამდიდრების სურვილი ამოძრავებდათ, თუმცა მათი მთავარი რესურსი და მათი ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტი მედია გახდა. 

ამ მოცემულობაში "თავისუფალი მედია" ლიბერალების მთავარ მტრად გადაიქცა - სწორედ ე.წ. თავისუფალი მედიის განუწყვეტელი საინფორმაციო შეტევების შედეგად ჩამოიშალა "ახალგაზრდა რეფორმატორების" მეორე მთავრობა. რუსეთის ისტორიაში ყველაზე ლიბერალური და მოდერნიზაციაზე ორიენტირებული მთავრობა არა КГБ-მ ან ГРУ-მ, არამედ თავისუფალმა მედიამ დაამხო. 

НТВ-მ და ОРТ-მ დაასუსტეს ლიბერალების პოზიციები, რომლებიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათი ყველაზე დიდი მეგობრები იყვნენ. ასეთმა გარემომ შექმნა ვითარება, როდესაც შეუძლებელი იყო ბორის ნემცოვის მსგავსი ლიბერალების დაწინაურება. 

1990-იანი წლების მიწურულს რუსეთში ლიბერალური და დემოკრატიული იდეები სრულად დისკრედიტირებული აღმოჩნდა, ვითარება ქვეყანაში კარდინალურად შეიცვალა - ოლიგარქებისა და საყოველთაო უკანონობის ფონზე მოსახლეობა სახელმწიფოსა და წესრიგის აღდგენას მოითხოვდა. ასეთი ფიგურა მალე გამოჩნდა...

იმ რუსი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი, რომლებიც დღეს პუტინის ოპოზიციაში არიან, 1990-იანი წლების მიწურულს ღიად და მხურვალედ უჭერდნენ მას მხარს. 

ფართო პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის მომენტში ვლადიმირ პუტინის

price-tag icon დაკავშირებული თეგები
users icon დაკავშირებული პიროვნებები

ასევე ნახე